რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: უკრაინას შესაძლოა ავსტრალიის კუთვნილებაში მყოფი 41 ცალი F/A-18 Hornet-ი გადასცენ

ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების F/A-18 Hornet-ები ნევადის სატესტო და საწვრთნელი პოლიგონის თავზე, Red Flag 12-3-ის წვრთნებზე.
U.S. Air Force/Brett Clashman

The Australian Financial Review წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავსტრალია, აშშ და უკრაინა განიხილავენ კიევისთვის ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების კუთვნილებაში მყოფი 41 ერთეული ამერიკული ავიაგამანადგურებლის, F/A-18 Hornet-ების გადაცემას. 

ავსტრალიურ მედიას წყაროებმა უთხრეს, რომ აშშ-ს, რომელმაც მცირე ხნის წინ დასავლელ მოკავშირეებს ნება მისცა უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლები, მათ შორის F-16-ები, გადაეცათ, განსაკუთრებით მოსწონს კიევისთვის F/A-18-ების მიწოდება.

ავსტრალიის საკუთრებაში მყოფი ამ თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემისთვის საჭიროა ვაშინგტონის ნებართვა, რადგან ავიაგამანადგურებლები ამერიკული წარმოებისაა. ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალებში F/A-18-ები უკვე ჩამოწერილია, რადგან ისინი თანამედროვე F-35-ებით ჩაანაცვლეს.

ჩამოწერილი F/A-18-ები ავსტრალიაში, უილიამთაუნის ბაზაზეა განთავსებული და თუ უკრაინაში არ გაგზავნიან, ან დაშლიან, ან მიჰყიდიან კერძო საავიაციო კომპანია RAVN Aerospace-ს, რომელიც გამანადგურებლებს აშშ-ში, სამხედრო წვრთნებზე მოწინააღმდეგის საიმიტაციოდ გამოიყენებს.

ავსტრალიის უსაფრთხოების ექსპერტმა, რომელიც უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს, რობერ პოტერმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.

"თუმცა, აშშ0სა და უკრაინას აქვთ აქტიური და კონკრეტული ინტერესი, რომ უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მეოთხე თაობის მოიერიშეები იშოვონ". – თქვა პოტერმა.


21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, რამდენიმე დღით ადრე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კომენტარები