რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ФСБ-ს მტკიცებით, უკრაინა რუსეთში რადიაციული "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რადიაციული "ბინძური ბომბის" აფეთქებას გეგმავდა. როგორც ძირითად შემთხვევებში, ახლაც – რუსეთის ძალოვან უწყებას არ მოჰყავს კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთები.

ФСБ-ს მტკიცებით, მათ ამ გეგმების შესახებ გაიგეს მაშინ, როცა იძიებდნენ ივანოვოს ოლქში მდებარე სევერნის აეროდრომზე აღკვეთილ დივერსიის მცდელობას. რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქ სტრატეგიული თვითმფრინავების აფეთქება სურდა. 

"კერძოდ, შემუშავდა გეგმა ე.წ. "ბინძური ბომბის" მიწოდებისა და განთავსების შესახებ, რომლებიც აღჭურვილია წამმზომით, ერთდროული აფეთქებისთვის". – თქვეს ФСБ-ში.

"2023 წლის მაისში დაგეგმილი დივერსიის, როცა ივანოვოს ოლქის სევერნის აეროდრომზე განლაგებული შორი მანძილის თვითმფრინავები უნდა აეფეთქებინათ, გამოძიების დროს  ნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო გეგმავდა რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტს, ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით". – ირწმუნებიან ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ФСБ-ს მტკიცებით, ამ მიზნით უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა მსუბუქი ავიაციით შექმნა სპეციალური დანაყოფი, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფი უნდა მოემარაგებინა. აღნიშნულია, რომ მათ მიზნებში შედიოდა ენერგოოებიექტებზე თავდასხმებიც.

ФСБ-ში ამბობენ, რომ მათ დააკავეს ორი პილოტი, რომელთაგანაც ჩვენება მიიღეს.

ე.წ. ბინძურ ბომბზე უკვე რამდენიმე ხანია რაც რუსეთის მთავრობაში საუბრობენ და დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან. პირველად, გასული წლის 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც. ბრალდებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ხშირად რუსეთი სხვებს აბრალებს იმას, რასაც თავად აპირებენ. 

კიევმა ბრალდებასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სთხოვა, რომ შეემოწმებინათ ორი ბირთვული ობიექტი, სადაც, რუსეთის ბრალდებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობდნენ.

ბინძური ბომბი არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.

კომენტარები