რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგიამ რუსეთის ტერიტორიაზე ბელგიური წარმოების იარაღის გამოყენებაზე გამოძიება დაიწყო

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრ დე კროუ
REUTERS/Johanna Geron

ბელგიამ რუსეთის საზღვართან, ბელგოროდზე თავდასხმებში ბელგიური წარმოშობის იარაღის გამოყენების თაობაზე გამოძიება დაიწყო და უკრაინისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. 

მანამდე The Washington Post-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული მოხალისეთა კორპუსი ბელგოროდზე თავდასხმებში უკრაინისთვის აშშ-სა და პოლონეთის მიერ საგანგებოდ გადაცემულ მოწყობილობებსა და ბელგიური და ჩეხური წარმოების იარაღს იყენებდა. 

"ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ და სადაზვერვო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და ვითხოვთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად რა მოხდა. ევროპული იარაღის მიწოდება იმ პირობით ხდება, რომ ისინი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, თავდაცვის მიზნით იქნება გამოყენებული. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ ამ პირობის შესრულებას. არ გვინდა მოვლენებს გავუსწროთ, მაგრამ ვიკვლევთ სიტუაციას და სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა, ალექსანდრ დე კროუმ. 

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების შედეგად აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება. 

კომენტარები