ფიგურული ციგურაობა

რუსმა მოციგურავეებმა, დევისმა და სმოლკინმა შესაძლოა საქართველოს გუნდში იასპარეზონ

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მოციგურავეებს დიან დევისსა და გლებ სმოლკინს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება მისცა. ინფორმაციას ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი დეივ ლიზი საკუთარ საიტზე ავრცელებს.

ლიზის თქმით მოციგურავეთა წყვილი კარიერის გაგრძელებას საქართველოში აპირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა(ISU) უნდა მიიღოს. ISU-ს წესების მიხედვით სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად აუცილებელია სპორტსმენმა იცხოვროს მინიმუმ ერთი წელი იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის აღება აქვს გადაწყვეტილი. 

დევისი და სმოლკინი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეები არიან, წყვილმა შეჯიბრში მე-14 ადგილი დაიკავა. 20 წლის დევისი რუსი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. თუთბერიძის აღზრდილები არიან ოლიმპიური ჩემპიონები ალინა ზაგიტოვა, ანა შერბაკოვა და კამილა ვალიევა. გასული რვა წლის განმავლობაში რუსეთის ყველა ქალი ჩემპიონი თუთბერიძის აღზრდილია.

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ არაერთმა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა. მათ შორის არიან ევროპის სამგზის ჩემპიონი ცურვაში ანასტასია კირპიჩნიკოვა და მსოფლიოს ჩემპიონი მოჭადრაკე ალექსანდრა კოსტენიუკი.

 

კომენტარები