აშშ-ჩინეთი

ოსტინი პეკინს უსაფრთხოებაზე ორმხრივი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი
Franck Robichon/Pool/EPA-EFE/Shutterstock

ტოკიოში, იაპონელ კოლეგა იასუკაძუ ჰამადასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პეკინს უსაფრთხოების ორმხრივი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. ოსტინის თქმით, თუ ჩინეთის სამხედრო ძალები საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში პროვოკაციულ ქმედებებს გააგრძელებენ, ინციდენტების კონტროლი სულ უფრო რთული გახდება.

ამასთან, თავდაცვის მდივანმა პეკინის უარს პენტაგონის შეთავაზებაზე, შემდგარიყო მისი და ჩინეთის თავდაცვის მინისტრ ლი შანგფუს შეხვედრა, "სამწუხარო" უწოდა.

პეკინმა ოსტინისა და ლის შეხვედრაზე უარი 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციის დროს ჩინეთის ახლანდელი თავდაცვის მინისტრისთვის დაწესებული სანქციებით ახსნა და თქვა, რომ შეხვედრა სანქციების პირობებში შეუსაბამო იქნებოდა.

ოსტინმა კომენტარი სინგაპურში გასამართი შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. სავარაუდოა, რომ აღნიშნულ ფორუმზე ჩინეთის მიერ განხორციელებული სახიფათო მანევრები, მათ შორის, გასულ კვირაში სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე ჩინური ავიაგამანადგურებლის მიერ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედება, განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.

შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს.

იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ლოიდ ოსტინმა კოლეგასთან ერთად განიხილა ჰიპერბგერითი რაკეტებისგან თავდასაცავად შესაბამისი აღჭურვილობის განვითარება, კიბერ უსაფრთხოების, დაზვერვასა და სადაზვერვო დრონებთან დაკავშირებული საკითხები.

ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო ჯაშუში თანამგზავრის გაშვების წარუმატებელი მცდელობიდან ერთ დღეში გამართული შეხვედრის შემდეგ, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამერიკულ მხარესთან ერთად შეთანხმდნენ სამხრეთ კორეასთან და ავსტრალიასთან ერთად წვრთნების გაძლიერებასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჰამადამ ასევე ისაუბრა პეკინთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობაზეც.

კომენტარები