ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო ჯაშუში თანამგზავრის გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მარცხი აღიარა და პირობა დადო, რომ შეცდომების გამოკვლევის საფუძველზე შემდეგ ჯერზე მათ გამოსწორებას ეცდებიან. 

თანამგზავრის გაშვების პროცესში სამხრეთ კორეამ და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდეს და თავდაცვის მიზნით, თავშესაფარში დარჩენა ურჩიეს. 

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ნამსხვრევები, რომლებიც სავარაუდოდ ჩამოვარდნილი ჩრდილოეთ კორეის რაკეტის უნდა იყოს. თავდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა შესაბამისი ფოტოებიც. 

ფხენიანის მტკიცებით, კოსმოსური დაზვერვა სამხრეთ კორეისა და აშშ-ს "უგუნური" სამხედრო წვრთნების მონიტორინგისთვისაა საჭირო. 

თანამგზავრის გამოცდამდე ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის სანაპირო დაცვა გააფრთხილა, რომ ხომალდის გაშვებას, შესაძლოა გავლენა მოეხდინა ყვითელ ზღვაზე, აღმოსავლეთ ზღვასა და ფილიპინების კუნძულ ლუზონის აღმოსავლეთით წყლებზე. 

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა მისი ძალები, ჩამოეგდოთ თანამგზავრი ან ნამსხვრევები - თუ ისინი იაპონიის ტერიტორიაზე მოხვდებოდა. ამასთან, სანაპირო დაცვამ გასცა გაფრთხილება იმ გემებისთვის, რომლებიც გაშვების დროს ნამსხვრევების დაცემის რისკის ქვეშ შეიძლება ყოფილიყვნენ. 

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე იაპონიამ ბალისტიკური რაკეტების სამხედრო არსენალის მობილიზება დაიწყო.

"ნებისმიერი ტიპის რაკეტის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩვენს ტერიტორიას გადმოკვეთს, განადგურების შესაბამის ზომებს მივიღებთ". - აღნიშნა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებმა დაგმეს ქვეყნის დაგეგმილი გაშვება, როგორც ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის აკრძალული ტესტი, ნაკლებად ნათელია, არის თუ არა სატელიტი საკმარისად მოწინავე იმისთვის, რომ შეასრულოს ჩრდილოეთის მთავარი მიზანი - შეძლოს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო აქტივობების თვალყურის დევნება და მონიტორინგი. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სატესტო წვრთნა ჩაატარა, მათ შორის გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, აშშ-ს ნებისმიერ წერტილს შეუძლია დაარტყას. 2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა დაახლოებით 100 რაკეტა, მათ შორის ICBM-ები, რომლებიც შექმნილია აშშ-მდე მისაღწევად. ამასთან, რამდენიმე გაშვება მან აღწერა, როგორც იმიტირებული ბირთვული თავდასხმა სამხრეთ კორეის სამიზნეებზე.

ჩრდილოეთ კორეამ აქამდეც სცადა სადამკვირვებლო სატელიტების გაშვება კოსმოსში, რომელთაგან ორი წარმატებით განათავსეს ორბიტაზე

კომენტარები