უკრაინა-NATO

ტსაჰკნა: ნაცრისფერი ზონის პოლიტიკის შედეგები უკვე ვიხილეთ, თავდაცვის ახალი ზომებია საჭირო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა
ICDS/Arno Mikkor

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ტსაჰკნამ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. NATO-ს არაფორმალური საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ინტერვიუში ტსაჰკნამ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორ ქვეყნებს წარსული გამოცდილების შეხსენებით, რეგიონში ახალი თავდაცვის სტრუქტურის შემუშავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნაცრისფერი ზონების პოლიტიკა უნდა დასრულდეს, რადგან ამის შედეგები დასავლეთმა ჯერ კიდევ, 2008 წელს - საქართველოში, შემდგომ კი 2014 წელს - უკრაინაში იხილა. 

"მე ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის ცხადი და ძლიერი უსაფრთხოების გარანტია არის NATO. ჩვენ სწორედ მძლავრ სიგნალებს უნდა გავცემდეთ იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამეზობლოში ნაცრისფერი ზონები აღარ იქნება. იმედი მაქვს, ეს დისკუსია ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით კონსენსუსით დასრულდება". - თქვა მარგუს ტსაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსს აღნიშნულ რეგიონში თავდაცვისათვის ახალი სტრუქტურა ესაჭიროება და ესტონეთი გამოსავალს NATO-ში ხედავს. 

"იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს თავდაცვის ახალი სტრუქტურა ჩვენს რეგიონში. ამასთან დაკავშირებით ესტონეთის პოზიცია ნათელია. პასუხი არის NATO და NATO-ში გაწევრიანება, რადგან ჩვენ წარსულში უკვე ვიხილეთ... 15 წლის წინ ჩვენ უკრაინასაც დავპირდით, რომ ჩვენი კარი მისთვის ღია იყო, მაგრამ მაინც გავაგრძელეთ ნაცრისფერი ზონების პოლიტიკა. ამის შედეგები უკვე ვიხილეთ 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომი, გენოციდი და ბავშვების დეპორტაცია დაიწყეს ევროპაში. ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა უკრაინას [NATO-ში] გაწევრიანების კონკრეტული გზა დავუსახოთ და ჩვენთვისაც განვსაზღვროთ რა პოზიცია გვიკავია და სად გადის ზღვარი სამომავლოდ".  - აღნიშნა ინტერვიუში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები