რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი პროკურატურას მიმართავს, თავდაცვის მაღალჩინოსნები დანაშაულებზე შეამოწმონ

კადრი პრიგოჟინის მიერ 13 მაისს გავრცელებული ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურას გაუგზავნა მოთხოვნა, შეამოწმონ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები შესაძლო დანაშაულებზე.

"დღეს საგამოძიებო კომიტეტსა და რუსეთის ფედერაციის პროკურატურას გავუგზავნე წერილი თხოვნით, შეამოწმონ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რიგი მაღალი რანგის პირები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მომზადებისა და მსვლელობის დროს დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე. ეს წერილები არ გამოქვეყნდება, იმის გათვალისწინებით, რომ მათით დაკავებული იქნებიან საგამოძიებო ორგანოები". – თქვა პრიგოჟინმა. 

გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები