რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქლევერლი მოსკოვზე თავდასხმაზე: უკრაინას საზღვრებს მიღმა ძალის პროეცირების უფლება აქვს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი

მოსკოვზე დრონებით თავდასხმას გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი და აღნიშნა, რომ თავდაცვის მიზნით უკრაინას საზღვრებს მიღმა ძალის პროეცირების უფლება აქვს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის უფლება, ქლევერლიმ უპასუხა:

"დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ და არ ვაპირებ მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ხასიათზე სპეკულირებას. ამ კონკრეტულ მოვლენაზე ფოკუსირების ნაცვლად, რის თქმასაც ვაპირებ, უფრო ზოგადი ხასიათისაა". 

გარდა ამის მან აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ნაწილია, ჰქონდეს ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები საზღვრებს მიღმა. 

"უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის ლეგიტიმური უფლება. მას ამის გაკეთების უფლება, ცხადია, საკუთარ საზღვრებში აქვს, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება გამოიყენოს ძალა თავისი საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, ძალის პროეცირება უკრაინაში მოახდინოს. 

ასე რომ, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები მისივე საზღვრებს მიღმა არის უკრაინის თავდაცვის ნაწილი. და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

[...] ეს არ ნიშნავს, რომ მე მაქვს რაიმე განსაკუთრებული შეფასება მოსკოვზე თავდასხმებთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო ზოგადად, სამხედრო სამიზნეები მის საზღვრებს მიღმა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ლეგიტიმური, როგორც ერის თავდაცვის ნაწილი". - თქვა ქლევერლიმ. 

30 მაისის გამთენიისას ქალაქ მოსკოვში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა და შენობებს დაეჯახა. დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის სხვა რაიონებშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყო. უწყებაში ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ჩამოაგდეს. რუსული მხარის ცნობით, იერიშებს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავდასხმის არიდების უუნარობის გამო გააკრიტიკა და კვლავ გალანძღა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა.

"აყროლებულო არსებებო, რას აკეთებთ?" – პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის უწყებას აკრიტიკებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინაში მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანეს ცენტრებზე, სადაც, მათივე მტკიცებით, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გადაწყდა. ამას გარდა, მათი დაუდასტურებელი ბრალდებით, დრონებით თავდასხმას დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. 

კომენტარები