რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინაში მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანეს ცენტრებზე, სადაც, მათივე მტკიცებით, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გადაწყდა.
ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის უწყების დაუდასტურებელი ბრალდებით, დრონებით თავდასხმას დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო ბაზირების შორი მანძილის მქონე მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მიიტანეს ჯგუფური იერიშები გადაწყვეტილებების მიღების ცენტრალურ პუნქტებზე, სადაც, დასავლეთის სპეცსამსახურების სპეციალისტების ხელმძღვანელობით, რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები იგეგმებოდა". – ირწმუნებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხშირად ავრცელებს პროპაგანდისტულ დეზინფორმაციას.
30 მაისის გამთენიისას ქალაქ მოსკოვში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა და შენობებს დაეჯახა. დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის სხვა რაიონებშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყო. უწყებაში ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ჩამოაგდეს. რუსული მხარის ცნობით, იერიშებს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.
უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავდასხმის არიდების უუნარობის გამო გააკრიტიკა და კვლავ გალანძღა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა.
"აყროლებულო არსებებო, რას აკეთებთ?" – პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის უწყებას აკრიტიკებს