რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მერი ადასტურებს, რომ ქალაქს თავს დრონებით დაესხნენ

დრონით დაზიანებული შენობა მოსკოვში.
РИА

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ადასტურებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად უმნიშვნელოდ დაზიანდა რამდენიმე შენობა და სერიოზულად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების მიზნით, რამდენიმე სადარბაზოდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყეს. 

ამას გარდა, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ოლქის სხვა რეგიონებშიც გააქტიურდა. 

აქამდე ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსკოვში ორი შენობის დაზიანებასა და ცაში შემჩნეულ დრონებზე. ასევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც მოსკოვში ჩამოგდებული დრონის ნაწილები ჩანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მოსკოვს თავს დაესხა 8 უკრაინული დრონი. მათი მტკიცებით, რვავე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აქედან 3 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, 5 კი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით.

კომენტარები