რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"აყროლებულო არსებებო, რას აკეთებთ?" – პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის უწყებას აკრიტიკებს

TELEGRAM/@concordgroup_official/AFP/Getty Images

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვლავ ლანძღავს, ამჯერად მოსკოვზე დრონებით მიტანილი თავდასხმის გამო.

"აყროლებულო ამაზრზენო არსებებო, რას აკეთებთ? თქვე საქონლებო! აწიეთ თქვენი ტრა*ები კაბინეტებიდან, სადაც ქვეყნის დასაცავად დაგსვეს. თქვენ თავდაცვის სამინისტრო ხართ. არაფერი გაგიკეთებიათ შეტევა რომ დაგეწყოთ. რა *ლედ უშვებთ ამ დრონების მოსკოვამდე ჩაფრენას? რუბლიოვკამდე (მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პირების დასახლება მოსკოვში) რომ მოგიფრინდებიან, სახლებამდე, ჯანდაბას. სულ დამწვარა თქვენი სახლები. ჩვეულებრივმა ხალხმა რა გააკეთოს, როცა დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებით მათ ფანჯრებს ეჯახებიან?". – ყვიროდა პრიგოჟინი აუიდიოჩანაწერში.

პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მოწინააღმდეგეს დრონების პროგრამებში ბევრად ჩამორჩება და ამ საკითხზე მუშაობა წლების წინ უნდა დაეწყოთ.

ვაგნერის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ მან მსგავსი თავდასხმების შესახებ გაფრთხილებები აქამდეც გააჟღერა. 

30 მაისის გამთენიისას ქალაქ მოსკოვში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა და შენობებს დაეჯახა. დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის სხვა რაიონებშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყო. უწყებაში ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ჩამოაგდეს. რუსული მხარის ცნობით, იერიშებს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

კომენტარები