რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით თავდასხმაში უშუალო მონაწილეობა უარყო

დრონით დაზიანებული შენობა მოსკოვში.
РИА

უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმაში უშუალო მონაწილეობა უარყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა.

"ცხადია, ჩვენ გვსიამოვნებს დრონებით თავდასხმების ყურება და თავდასხმების ზრდის წინასწარმეტყველება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში უშუალოდ არ ვმონაწილეობთ" - თქვა პოდოლიაკმა.

ამასთან, მისი თქმით, რაც რუსეთში ხდება არის კარმული რეაქცია ყველაფერი იმისა, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში აკეთებს.

მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინიმ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა დაადასტურა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად უმნიშვნელოდ დაზიანდა რამდენიმე შენობა და სერიოზულად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების მიზნით, რამდენიმე სადარბაზოდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყეს. 

ამას გარდა, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ოლქის სხვა რეგიონებშიც გააქტიურდა. 

აქამდე ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსკოვში ორი შენობის დაზიანებასა და ცაში შემჩნეულ დრონებზე. ასევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც მოსკოვში ჩამოგდებული დრონის ნაწილები ჩანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მოსკოვს თავს დაესხა 8 უკრაინული დრონი. მათი მტკიცებით, რვავე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აქედან 3 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, 5 კი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით.

კომენტარები