ქართული ოცნება

მდინარაძე: ივანიშვილმა ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყანაში მშვიდობას, თავი და ოჯახი გაწირა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილზე დე ფაქტო ფინანსური სანქციები კვლავ დაწესებულია, რომელთა მიზანიც "ქვეყნის ომში ჩართვაა".

"ბიძინა ივანიშვილი იგებს პროცესებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას თანხებს ურიცხავენ. მასზე დე ფაქტო სანქციები კვლავ დაწესებულია. რა უნდა უნდოდეთ ამ ადამიანისგან გარდა იმისა, რაც ყველასთვის ნათელია? მისგან შანტაჟის გზით ითხოვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ ქვეყნის ომში ჩართვას, რაც არ გამოვა. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და განვითარება ყოფილიყო, თავისი თავი და ოჯახი გაწირა თავის დროზე, მართლაც გადაჭარბების გარეშე, ისეთ მონსტრს... რასაც სახელმწიფო არ ერქვა მაშინ, წარმოუდგენელია სხვანაირად ფიქრობდეს და სხვანაირად მოქმედებდეს. რა თანხაზეც არ უნდა იყოს საუბარი, შანტაჟის რა ობიექტზეც არ უნდა იყოს საუბარი, წარმოუდგენელია ამ ადამიანისგან რომ წარბი შეიხაროს მათი შანტაჟიდან გამომდინარე". – თქვა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

ქართული ოცნების რიტორიკაში ხშირად იკვეთება აქცენტები Credit Suisse-ს პოლიტიკური შანტაჟის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის პროპაგანდით, გლობალური ომის პარტია აიძულებს Credit Suisse-ს ზეწოლა მოახდინოს ბიძინა ივანიშვილზე, რათა მისი არაფორმალური გავლენით საქართველოს მთავრობაზე ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას.

 თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო, აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. როგორც ითქვა, ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

2023 წლის 26 მაისს სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ექსპრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კომენტარები