რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გლადკოვი: ბელგოროდში მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ხარკოვი რუსეთს შეუერთდება

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
ფოტო არქივიდან/ბელგოროდის ოლქის პრესსამსახური

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, რეგიონის დაბომბვა მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც ხარკოვი რუსეთს შეუერთდება. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას ხარკოვის ანექსიის შესაძლებლობის, გლადკოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვის შემოერთება პრობლემის გადაჭრის ყველაზე იდეალური გზა იქნებოდა.  

გლადკოვმა ასევე თქვა, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, სულ მცირე, ხუთი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შეიჭრა ბელგოროდის რეგიონში. 

"ჩვენ ვცხოვრობთ რეალური ომის პირობებში. ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს - ის მიდის. მტერი ჩვენკენ მოდის". - ამბობს გლადკოვი. 

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები