Freedom House-ის ანგარიში

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა – Freedom House

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა. Freedom House-ის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის ქულამ 3.07-დან 3.04-მდე დაიწია. 

ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების მრავალწლიანი ტენდენციის ფონზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორი ტელეკომპანიის დირექტორის დაპატიმრებით, ასევე მზარდი პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემოთი გამოიხატა, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25-მდე შემცირდა.

Freedom House წერს, რომ  2022 წელს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუმცა სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა ძირითადად გადაუჭრელი დარჩა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ამასთან, ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 1 წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ შემცირდა და გამოკითხულთა 70 პროცენტზე მეტს სურს იხილოს ახალი აქტორები ქართულ პოლიტიკურ არენაზე.

"საბოლოო ჯამში, საზოგადოების სკეპტიციზმმა მმართველობის მიმართულების, ეკონომიკის მდგომარეობის მიმართ და პარტიული სისტემით იმედგაცრუებამ, მათ შორის, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ, პიკს მიაღწია".- წერს Freedom House. 

ანგარიშის თანახმად, ვერბალური თავდასხმების საგანგაშო დონე დაფიქსირდა საქართველოში, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ასევე შემაშფოთებელი იყო პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემთხვევებით.

"ევროპის საბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ გამოკვეთა სხვადასხვა კრიტიკული სფეროები, მათ შორის ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების ფართო დისკრიმინაცია, როგორც ონლაინ, ისე პირადად; ადამიანის უფლებების დარღვევისას დაუსჯელობა და დაცვის საჭიროება შრომისა და გარემოსდაცვით საკითხებში".- ვკითხულობთ ანგარიშში. 

Freedom House-ის თანახმად ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკის მიმღებლობა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, 2022 წლის განმავლობაში შემცირდა. 

"მართველი პარტიის ყოფილი წარმომადგენლები ირიბ ბრალდებებს აყენებდნენ  დასავლეთის ზეწოლაზე საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ომის პარტიად დასახელებამ უარყოფითად იმოქმედა დემოკრატიულ მმართველობაზე და პოლიტიკური ელიტების უნარზე, შექმნან კონსენსუსი გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში, ისევე, როგორც საზოგადოების ნდობა მთავრობის მიმართ".- აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები