რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს ელექტრომომარაგება აღუდგინა

REUTERS/Alexander Ermochenko/File Photo

ხანმოკლე გათიშვის შემდეგ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ელექტრომომარაგებასთან დააკავშირა.

მანამდე, ელექტროენერგიის გათიშვისთანავე, ბირთვული საწვავის გასაგრილებლად და პოტენციური კატასტროფის თავიდან ასარიდებლად დიზელის გენერატორები ამუშავდა.

რუსული და უკრაინული მხარეები ელექტროენერგიის გათიშვაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი უკრაინულ მხარეს აბრალებდა ელექტრომომარაგების შეწყვეტას, უკრაინის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია ენერგოატომი კი მომხდარს რუსულ საარტილერიო იერიშს უკავშირებდა.

ინციდენტმა შეაშფოთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, რომელმაც თქვა, რომ "უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკიდურესად დაუცველია".

გროსიმ ასევე აღნიშნა, რომ მთლიან ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ელექტრომომარაგება მეშვიდედ შეუწყდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზთან მდებარეობს, ევროპაში უდიდესია.

მიუხედავად იმისა, რომ სადგურის ექვსი რეაქტორი გამორთულია, ბირთვული საწვავის გასაგრილებლად ელექტროენერგია მუდმივადაა საჭირო.

კომენტარები