რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკიდურესად დაუცველია" – IAEA-ის დირექტორი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი

"უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკიდურესად დაუცველია". - ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მას შემდეგ, რაც სადგურში ელექტრომომარაგება კიდევ ერთხელ შეწყდა.

დღეს, 22 მაისს გროსიმ აღნიშნა, რომ მთლიან ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ელექტრომომარაგება მეშვიდედ შეუწყდა.

"სადგურში ბირთვული უსაფრთხოება უკიდურესად დაუცველია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ქარხნის დაცვაზე, ეს მდგომარეობა არ შეიძლება გაგრძელდეს". - წერს გროსი. 

ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური რუს ოკუპანტებს უკავიათ, თუმცა, სადგური ძირითადად უკრაინელი პერსონალის მიერ იმართება. IAEA-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქარხნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

19 მაისს გროსიმ თქვა, რომ კონტინენტზე სერიოზული ბირთვული ავარიის რისკის შესამცირებლად და სადგურის უსაფრთხოების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კომენტარები