აშშ-ირანი

აშშ-მ ირანის ატომური ობიექტების გასანადგურებლად საკმარისად ძლიერი ბომბის ფოტო გამოაქვეყნა

U.S. Air Force

ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით დაძაბულობის ზრდასთან ერთად აშშ-ს სამხედრო ძალებმა გამოაქვეყნა ბომბის ფოტოები, რომელსაც მიწაში ღრმად შეღწევა და ურანის გასამდიდრებლად აშენებული მიწისქვეშა ობიექტების განადგურება შეუძლია.

შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა GBU-57 Massive Ordnance Penetrator-ის (MOP) ფოტოები 2 მაისს, მისურიში საჰაერო ძალების Whiteman-ის ბაზის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, სავარაუდოდ, იარაღის შესახებ არასასურველი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ფოტოები მალევე წაშალეს.

აღსანიშნავია, რომ ვაითმენის ბაზაზე GBU-57-ის გადატანისთვის საკმარისად მძლავრი ერთადერთი, B-2 ტიპის ბომბდამშენებია განთავსებული.

ღია წყაროებზე მომუშავე სადაზვერვო კომპანია Janes-ის იარაღის ანალიტიკოსის, რაულ უდოშის თქმით, გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა ბომბის წონა, რაც 12 300 კილოგრამს შეადგენს. ასევე, იკითხებოდა, რომ ბომბი AFX-757-ის სტანდარტული და PBXN-114-ის შედარებით ახალი ასაფეთქებელი ნივთიერების ნარევს შეიცავს.

უდოშის თქმით, საჰაერო ძალებმა ფოტოები ყოველგვარი განმარტების გარეშე სავარაუდოდ იმ მიზეზით აიღო, რომ მათზე ბომბის შესახებ ბევრი მონაცემი იკითხებოდა.

ამ ფოტოების გამოქვეყნება დროში ემთხვევა The Associated Press-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანი GBU-57-ის მოქმედების არეალის მიღმა მყოფი ატომური ობიექტების აშენების საქმეში პროგრესს აღწევს.

შეერთებულმა შტატებმა MOP-ის განვითარება 2000-იან წლებში, ირანის მიერ ატომური ობიექტების მიწისქვეშ გადატანასთან ერთად დაიწყო. საჰაერო ძალების ცნობით, GBU-57-ს მიწასა და ბეტონში აფეთქებამდე 60 მეტრის სიღრმეში შეუძლია შეღწევა. თუმცა ეს შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი ირანის ახალი ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად, რომლებიც, ექსპერტთა აზრით, მიწის ქვეშ 80-დან 100 მეტრამდე სიღრმეში შენდება.

კომენტარები