საქართველოს მთავრობა

ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი – პრემიერი ევროპარლამენტისთვის მიმართვაზე

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს დაუკმაყოფილდება განაცხადი, რომელიც პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვიზიტის მიზნით შეიტანა.

"მე მგონი, ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ, ამის საჯაროდ გამოტანა, მე ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა და საერთოდაც, მე ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. 

რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა დაგეგმილი მანამდე, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად. 

მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ" - ამბობს ღარიბაშვილი.

17 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობას ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობის მისაღებად 27 აპრილს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. განცხადებაში ხაზგასმული იყო ისიც, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე ძალაში 15 მაისს შევიდა, საქართველოს მთავრობამ კი ნებართვა იმავე დღეს გასცა. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო.

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და ვიზიტის გაუქმების მიზეზად მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა, რაც მთავრობამ უარყო.

კომენტარები