ქართული ოცნება

კობახიძე: გვეშინია, რომ პრეზიდენტის [ბრიუსელში] ვიზიტი სტატუსისკენ სწრაფვას დააზიანებს

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, მმართველ პარტიაში ეშინიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტი და მისი განცხადებები კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ "მათ სწრაფვას" დააზიანებს. 

"ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში, როცა ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. მთავრობას, შეიძლება, დღემდე არ გაუცია თანხმობა, შეიძლება, მოგვიანებით გასცეს, ეს მისი პრეროგატივაა. მაგრამ, ჩვენთვის ლოგიკური იქნება ის, თუ მთავრობას ეშინია პრეზიდენტის არასწორი განცხადებების. 

[...] როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და ა.შ. სინამდვილეში არ იდგმება ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ა.შ. ეს არის დამაზიანებელი განცხადებები. რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს იმისათვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი., რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. დანარჩენი მთავრობის პრეროგატივაა, მიანიჭებს თუ არა პრეზიდენტს უფლებას, გაემგზავროს რომელიმე სხვა ქვეყანაში". - ამბობს კობახიძე. 

გუშინ, 17 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობას ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობის მისაღებად 27 აპრილს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. განცხადებაში ხაზგასმული იყო ისიც, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე ძალაში 15 მაისს შევიდა, საქართველოს მთავრობამ კი ნებართვა იმავე დღეს გასცა. 

კომენტარები