28 მაისის აქცია

გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ – 28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

ტაბულა

28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტთან გაიმართება აქცია - გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, 28 მაისს გააცოცხლონ საქართველოს ისტორია და საზოგადოებას უთხრან, რომ "ჩვენ, ქართველი ლიბერალები, რეალურად ვართ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის -  ამბროსი ხელაიას, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, მიხეილ ჯავახიშვილის და სხვების მემკვიდრეობის გამგრძელებლები". 

"ამიტომ დავბეჭდეთ ეს ციტატები, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში, 28 მაისამდე, ქართულ საზოგადოებას შევახსენოთ, ვის ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ვის ებრძოდნენ ჩვენი ეროვნული გმირები და რას მიიჩნევდნენ ისინი ქართველი ხალხისთვის გამოსავლად. 

იმისთვის, რომ კარგად დარწმუნდეს ქართველი ხალხი, ის 87%, რომელსაც ევროპაში უნდა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი და საქართველოს ბედნიერი, ევროპული მომავალი არის ურთიერთგამომრიცხავი და ის უნდა შევცვალოთ, იმისთვის, რომ ევროპისკენ სვლა გავაგრძელოთ და ჩვენი წინაპრების ისტორიული მემკვიდრეობა და მათი ისტორიული მისია შევასრულოთ" - ამბობს ჩერგოლეიშვილი და აღნიშნავს, რომ "ჩვენ წინა საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ბოლშევიკების დროიდან მოყოლებული, ისტორიის წაშლის მსხვერპლნი ვართ".

"გვიშლიან ისტორიას, გადააკეთეს და დღესაც ჩვენ ვცხოვრობთ ორუელიანურ ეპოქაში, როდესაც ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ მტერი არის მეგობარი, მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა, უმეცრება არის სათნოება და ასე შემდეგ. ამოყირავებულია ყველაფერი და ქართველი ერისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია ის პროცესი, რასაც პოლიტიკური პროცესი ჰქვია დღეს საქართველოში" - თქვა VES-ის დირექტორმა.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება და მისი პოლიტიკა არის ძალიან ანტიქართული და პრორუსული.

"ახლა ცდილობენ პროპაგანდას, ქართველის ისე წარმოჩენას, თითქოს ღარიბაშვილის ტიპაჟის ადამიანი არის ქართველი ერის სახე. რეალურად, ეს ასე არ არის. აქ გაკრულ პლაკატებზე შეხვდებით ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, შოთა რუსთაველს, ქართველი ერის სახე არის ეს, იმიტომ, რომ ეს ხალხი დავიმახსოვრეთ, ამ ხალხს ვეძახით გმირებს, ამ ხალხს ვეძახით მამულიშვილებს, ვინც ამ ხალხისთვის მტერი იყო - რუსეთი, ის არის მტერი ჩვენთვისაც, ვინც ამ ხალხისთვის მეგობარი იყო - დასავლეთი, დასავლეთს ვთვლით ჩვენც მეგობრად.

ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, არ დავუშვათ ხელისუფლების ეს პროპაგანდა, რომ ქართველი არის რაღაცანაირი ჩანჩურა, მხდალი ადამიანი, რეალურად, ქართველი არის ამბროსი ხელაია, ამიტომ შევიკრიბებით 28 მაისს და ამას მიეძღვნება ეს აქცია" - ამბობს ხვადაგიანი.

კომენტარები