რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინელ მფრინავებს ევროპაში F-16-ზე მომზადების უფლებას არ აძლევს – NYT

Remko De Waal/Agence France-Presse — Getty Images

The New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპაში რამდენიმე ქვეყნის მზაობის მიუხედავად, უკრაინელ მფრინავებს უფლებას არ აძლევს F-16-ების მართვისთვის წვრთნები დაიწყონ

როგორც ცნობილია, აშშ-ს ნებართვის გარეშე უკრაინელ პილოტებს შეუძლიათ მხოლოდ ტექნიკური ენის გაცნობა და მასზე გაკვეთილების ჩატარება. ნებართვის გარეშე F-16-ზე საცდელი ფრენა შეუძლებელია.

The New York Times-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი ამერიკული წარმოების თვითმფრინავის გადაცემა, ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინას სჭირდება ძვირადღირებული მოიერიშე თვითმფრინავები.

NYT-ის თანახმად, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის F-16 მიწოდებას, რადგან ეს გამანადგურებელი ძალიან ძვირია. შედეგად, უკრაინის მხარდაჭერის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა მის გაგზავნას მოხმარდეს. ამის ნაცვლად, წყაროს ცნობით, აშშ-ს ადმინისტრაცია აპირებს  სხვა იარაღის მიწოდებაზე ფოკუსირდეს.

ამასთან, წყარომ არ გამორიცხა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ევროპულ ქვეყნებს უკრაინაში F-16-ების გადაცემის უფლება მისცეს.

მანამდე,  ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის ადმინისტრაციის სპიკერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები მუშაობენ "საერთაშორისო კოალიციის" შექმნაზე, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას შეძლებს.

კომენტარები