რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში რკინიგზაზე აფეთქების შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა

დღეს, 18 მაისს დილით დროებითი ოკუპირებული ყირიმის სიმფეროპოლის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად, მარცვლეულით სავსე 5 ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა - მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. 

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ამასთანავე, ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, ოლეგ კრიუჩკოვი.

"სიმფეროპოლი-სევასტოპოლის ხაზზე ელექტრომატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია. მგზავრები ამ სადგურებზე ავტობუსებით გადაიყვანენ. მოძრაობის განახლება მოგვიანებით გამოცხადდება". - ვკითხულობთ Telegram-ზე. 

Mash-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სიმფეროპოლის მახლობლად, სოფელ ჩისტენკოიესთან სარკინიგზო ლიანდაგის ქვეშ იყო დამონტაჟებული. 

სავარაუდოდ, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ადგილობრივების თქმით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სოფლებშიც კი ისმოდა.

კომენტარები