რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინაში რუსეთის იერიშის შედეგად Patriot-ი დაზიანდა, თუმცა არ განადგურებულა

პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოცდა Artemis Strike 2017-ის წვრთნებზე.
Anthony Sweeney

CNN-თან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ უკრაინაში ამერიკული წარმოების Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა, თუმცა არ განადგურებულა.

როგორც CNN-თან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად თქვეს, აშშ ჯერ კიდევ იკვლევს თუ რა დონის დაზიანება მიიღო სისტემამ. შეფასების შემდეგ გადაწყდება, სისტემა უნდა გამოიტანონ და განაახლონ, თუ მისი ადგილზევე შეკეთებაც შესაძლებელი იქნება.

აქამდე, 16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა ამერიკული Patriot-ის სისტემას მოხვდა. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა CNN-ი საკითხთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობასთან გადაამისამართა.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ კინჟალის ექვსივე რაკეტა უვნებელყვეს, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ Patriot-ის დაზიანების შესახებ.

ზალუჟნი: მოვიგერიეთ ყველა დრონი და რაკეტა, მათ შორის 6 "კინჟალი"

"ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რუსულ წყაროებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ". - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა.

ამჟამად უკრაინაში განთავსებულია Patriot-ის ორი სისტემა, ერთი, რომელიც აშშ-ს გადაცემულია და მეორე, რომელიც გერმანიამ და ნიდერლანდებმა კიევს ერთობლივად გაუგზავნეს. უცნობია თუ რომელი მათგანი დაზიანდა.

რუსეთი სამიზნეში Patriot-ის სისტემას აქამდეც იღებდა, როგორც CNN-თან გასულ კვირაში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს. ამ თავდასხმებს შორის არის 4 მაისის შემთხვევა, როცა სისტემამ პირველი კინჟალი უვნებელყო. 

CNN-თან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა დაზიანდა Patriot-ის ბატარეის ერთ-ერთი კომპონენტი. სისტემა 6 ძირითადი ნაწილისგან შედგება: გენერატორი, რადარი, კონტროლის სადგური, ანტენები, გამშვები დანადგარი და თავად რაკეტები. ნაწილები ერთ წერტილში თავმოყრილი არაა. თუმცა, ერთი კომპონენტის დაზიანების შედეგადაც, შესაძლოა უკრაინას სისტემის ქვეყნიდან გატანა მოუწიოს, რათა ის შეაკეთონ.

კომენტარები