ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება.
გუშინ, 15 მაისს უოლესს პარლამენტში ჰკითხეს, რამდენად რეალური იყო, შესაძლებლობა, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა პუტინს "იმ მონსტრად აქცევდა, რომელიც არასტანდარტულ იარაღს იყენებს", რაზეც მინისტრმა დადებითად უპასუხა.
"ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ რუსი სამხედროებისა და პრეზიდენტ პუტინის ქცევის მიმართ". - თქვა უოლესმა.
მისი განმარტებით, როდესაც რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, ეს იყო გარდამტეხი მომენტი, ისევე როგორც რუსული სპეცსამსახურების მიერ ნოვიჩოკის გამოყენება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის ქუჩებში კგბ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მკვლელობისას.
"მზადყოფნაში ვართ, ვზრდით ჩვენს მზადყოფნას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუდმივი კომუნიკაციითა და NATO-სთან თანამშრომლობით". - აღნიშნა უალესმა.
ნოემბერში, Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ვარაუდობდნენ, რომ თუ რუსეთის ძალები მარცხს განაგრძობენ, შესაძლოა, რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე აშშ-ს წარმომადგენლები ომის საწყისი ეტაპის დროსაც საუბრობდნენ. მარტში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, აშშ პასუხს გასცემდა. ამას წინ უძღოდა კრემლის პროპაგანდა, თითქოს აშშ უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბიო-ქიმიური იარაღის პროექტებზე მუშაობდა.