რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს

უკრაინელი სამხედროები აირწინაღებით
AP/ეფრემ ლუკაცკი

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ასკვნიან, რომ რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ მათი ძალები მარცხს განაგრძობენ. 

გამოცემასთან, საკითხზე ინფორმაციის მქონე ექვსმა წყარომ ანონიმურად თქვა, რომ ეს შიში გამოჩნდა მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს დარწმუნდეს, რომ NATO-ს მოკავშირეები მსგავსი შემთხვევისთვის მზად იქნებიან და მოამზადონ ახალი რესურსები და სისტემები, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენებას ამოიცნობენ. როგორც POLITICO აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც მათ ანონიმურად ესაუბრნენ, აშშ-სა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები არიან.

წყაროების თქმით, აშშ-ს არ აქვს არანაირი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ მსგავსი თავდასხმა მალე მოხდება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში მაღალჩინოსნებს სჯერათ, რომ ზამთარში შეტაკებები შეფერხდება და ვერც ერთი მხარე დაწინაურდება.

ამის მიუხედავად, როფორც POLITICO წერს, ზოგიერთი მაღალჩინოსნის შეფასებით, თუ ბრძოლის ველზე მოსკოვის დანაკარგები ზრდას განაგრძობს, შეიძლება, მათ ქიმიურ იარაღს მიმართონ.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, მსგავსი თავდასხმისთვის გამოიყენებენ ისეთ ნივთირებებს, რომლებიც მარტივად შესანახია და დასავლეთისთვის მათი გამოყენების რუსეთისთვის მიწერა გართულდება. 

POLITICO-სთან საკითხზე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში კომენტარს არ აკეთებენ.

POLITICO  წერს, რომ წინასწარი შეფასება ბაიდენის ადმინისტრაციას იძულებულს ხდის გააუმჯობესოს ქიმიური იარაღის ამომცნობი სისტემები და მოემზადოს პოტენციური თავდასხმისთვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამ წლის შემოდგომაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პენტაგონმა ჯგუფები გაგზავნა, რათა, ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, მათ შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი საპასუხო პროცედურების ჩატარებაში დაეხმარონ.

დახმარების წინა პაკეტებში აშშ-მ უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა, რომელიც მათ შეიარაღებულ ძალებს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხისგან თავდაცვაში დაეხმარება. 

რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე აშშ-ს წარმომადგენლები ომის საწყისი ეტაპის დროსაც საუბრობდნენ. მარტში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, აშშ პასუხს გასცემდა.

ამას წინ უძღოდა კრემლის პროპაგანდა, თითქოს აშშ უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბიო-ქიმიური იარაღის პროექტებზე მუშაობდა.

კომენტარები