რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინისთვის აშშ-ს მიერ გადასაცემი Abrams-ის 31 ტანკი უკვე გერმანიაშია

M1 Abrams-ის ტიპის ტანკი

პენტაგონი ავრცელებს ცნობას, რომ M1A1 Abrams-ის ტიპის 31 ტანკი, რომელიც აშშ-მ კიევისთვის გამოყო, უკვე გერმანიაშია და უკრაინელი სამხედროები მათზე წვრთნებს მალე დაიწყებენ. 

როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატ რაიდერმა 15 მაისის ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები გერმანიაში ვარჯიშებზე უახლოეს კვირებში გამოცხადდებიან.

"როგორც აქამდე განვიხილეთ, ეს ვრცელი საწვრთნელი პროგრამა უკრაინის ეკიპაჟებისთვისა და ტანკების ტექნიკური მომსახურების ჯგუფებისთვის მიზნად ისახავს მათ მომზადებას მომავალში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად, M-1 ტანკების ეფექტიანი მართვისთვის და უკრაინელი ხალხის დასაცავად". – თქვა პატ რაიდერმა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ თავდაპირველად აპირებდა, რომ უკრაინისთვის ახალი ტიპის M1A2 Abrams-ები გადაეცა, რომელთა შეძენაც საჭირო იყო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფონდებიდან. თუმცა თავდაცვის დეპარტამენტმა მარტში გადაწყვიტა, რომ გაეგზავნათ M1A1-ის ტიპები, რომლებიც უკვე აშშ-ს მფლობელობაშია, რათა ტანკების მიწოდება დაეჩქარებინათ.

გენერალმა პატ რაიდერმა მარტში აღნიშნა, რომ M1A1-ს იგივე შესაძლებლობები ექნება, რაც M1A2-ს.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნიდა.

კომენტარები