ტურიზმის სტატისტიკა

პირველ კვარტალში 873 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, აქედან 25.3% რუსეთიდან - საქსტატი

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსულ მოგზაურთა 48.7 პროცენტის ასაკი  31-დან 50-წლამდე იყო. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 845.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 83.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის- 256.8 ათასი, თურქეთის- 216.4 ათასი და სომხეთის- 182.5 ათასი მოქალაქეების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი- 46.3 პროცენტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 559.5 ათასი და 333.8 ათასი ვიზიტი.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 40.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 31.7 პროცენტით შემცირდა და 1 898.6 ლარი შეადგინა.

კომენტარები