დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი მაღალი რანგის წევრი მოკლა

აჰმად აბუ დეკა

11 მაისის საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში მიტანილ საჰაერო იერიშს პალესტინური ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი მაღალი რანგის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდასხმა ბანი სუჰეილას დასახლებაში მდებარე ობიექტზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ისლამური ჯიჰადის სარაკეტო ძალების მეთაურის მოადგილე, აჰმად აბუ დეკა. აქამდე, ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა ამავე ძალების მეთაურიც, ალი ღალი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ისლამური ჯიჰადის მაღალი რანგის წევრების სამიზნეში ამოღებას გააგრძელებენ.

ამას გარდა, 11 მაისის საღამოს ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლას ისრაელის მხრიდან პირველი მსხვერპლი მოჰყვა. რეჰოვოთის დასახლებაში რაკეტა საცხოვრებელ სახლს პირდაპირ მოხვდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ეს არის იმ მცირე შემთხვევებიდან ერთ-ერთი, როცა ისრაელის რკინის გუმბათის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, რომელსაც უვნებელყოფის 95%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაკეტა ვერ მოიგერია.

კიდევ ერთი რაეკეტა ჩამოვარდა სდოტ-ნეგევის რეგიონალურ საბჭოსთან, რასაც 82 წლის ქალის დაშავება მოჰყვა, ხოლო ეშქოლში დაშავდა უცხოელი მუშა.

10 მაისიდან ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 800-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, აქედან საზღვარი დაახლოებით 600-მა გადაკვეთა.

ამ მოვლენების პარალელურად, ცნობების მიხედვით, ეგვიპტის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები განახლდა. გასული საღამოს შემდეგ, ჯერჯერობით სიმშვიდეა და არც ერთ მხარეს ახალი იერიში არ მიუტანია.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, შეტაკებებში არ არის ჩართული ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორის მთავარი მაკონტროლებელი დაჯგუფებაა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს, 9 მაისის გამთენიისას წამოიწყეს ოპერაცია ფარი და ისარი, რომლის ფარგლებში ღაზის სექტორში იერიშები მიიტანეს ისლამური ჯიჰადის ლიდერებზე. შედეგად, თავდასხმებს ემსხვერპლნენ ხალილ ბაჰთინი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთში ისლამურ ჯიჰადს მეთაურობდა, ასევე ჯიჰად ღანემი, დაჯგუფების სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი და ტარექ იზ ედ-დინი, რომელიც ხელმძღვანელობდა დაჯგუფების აქტიურობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ამას გარდა, იერიშებს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვი.

ისლამურ ჯიჰადსა და ისრაელს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფების წევრი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები