ღაზის სექტორზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიტანილ იერიშს პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფების, ისლამური ჯიჰადის სარაკეტო ძალების მეთაური, ალი ღალი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის მედიაში წერენ, ეს ფაქტი მოლაპარაკებების პროცესს კიდევ უფრო გააჭიანურებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში მდებარე სახლზე, სადაც ალი ღალი იმალებოდა, ისლამური ჯიჰადის კიდევ ორ წევრთან ერთად.
ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ამბობენ, რომ ალი ღალი, რომელიც დაჯგუფებაში დიდი გავლენით სარგებლობდა, პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებზე.
"ღალი პასუხისმგებელი იყო ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო ცეცხლის მიმართვასა და შესრულებაში, მათ შორის ბოლო თავდასხმების, ოპერაცია ფარისა და ისრის დროს... ღალი ორგანიზაციაში ცენტრალურ ფიგურად ითვლებოდა და აგვარებდა მის ყოველდღიურ მენეჯმენტს". – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ალი ღალის სიკვდილი დაადასტურა ისლამურმა ჯიჰადმაც.
11 მაისის მონაცემებით, ბოლო ორ დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 547 რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. აქედან ისრაელის ტერიტორიამდე მხოლოდ, სულ მცირე, 394-მა მიაღწია. დანარჩენი რაკეტების ნაწილი ღაზის სექტორის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა. ისრაელში შეღწეული რაკეტებიდან უმეტესობა რკინის გუმბათის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ უვნებელყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მათ იერიში მიიტანეს ისლამური ჯიჰადის 166 ობიექტზე. ღაზის სექტორში შეტაკებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 25 ადამიანი.
10 მაისს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ეგვიპტის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, სარაკეტო იერიშები და საპასუხო დარტყმები ფაქტობრივად არ შეჩერებულა. მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის უსაფრთხოების დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თელ-ავივში ჩავა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, შეტაკებებში არ არის ჩართული ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორის მთავარი მაკონტროლებელი დაჯგუფებაა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს, 9 მაისის გამთენიისას წამოიწყეს ოპერაცია ფარი და ისარი, რომლის ფარგლებში ღაზის სექტორში იერიშები მიიტანეს ისლამური ჯიჰადის ლიდერებზე. შედეგად, თავდასხმებს ემსხვერპლნენ ხალილ ბაჰთინი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთში ისლამურ ჯიჰადს მეთაურობდა, ასევე ჯიჰად ღანემი, დაჯგუფების სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი და ტარექ იზ ედ-დინი, რომელიც ხელმძღვანელობდა დაჯგუფების აქტიურობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ამას გარდა, იერიშებს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვი.
ისლამურ ჯიჰადსა და ისრაელს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფების წევრი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.