საქართველო-რუსეთი

EU: საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას რუსეთის სახიფათო თვითმფრინავები

პიტერ სტანო

ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მიერ საქართველოსთვის პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

სტანომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და მათმა პარტნიორებმა რუსეთის ავიაციას შეზღუდვები დაუწესეს და საქართველოს მოუწოდა, შეუერთდეს ამ სანქციებს.

"მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. ამ კონტექსტში, უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორშიც და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, საჰაერო სექტორში". – თქვა სტანომ.

ამასთან ერთად, საგარეო საქმეთა სამსახური სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ არსებული სანქციების გამო რუსეთს საკუთარი თვითმფრინავების განახლება უჭირს, შესაბამისად, სტანო თვლის, რომ საქართველომ ეს თვითმფრინავები საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას.

"გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას რუსეთის სახიფათო თვითმფრინავები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ესეც უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია". – აღნიშნა სპიკერმა. 

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, სტანომ თქვა, რომ ეს საკითხი, ისარგებლებენ თუ არა ამ შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეები, მათივე გადასაწყვეტია და ევროკავშირს სათქმელი არ აქვს.

"რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს უვიზო რეჟიმზე, ვფიქრობ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას და ჩვენ ბევრი არაფერი გვეთქმის". – თქვა სტანომ.

გასულ დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოიხსნა და გაუქმდა პირდაპირ ფრენებზე აქამდე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, გააუქმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების გაფრთხილება.

რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა. საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "მისასალმებელია".

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლიდან დღემდე რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. 2019 წლის ივნისიდან კი რუსეთმა ე.წ. გავრილოვის ღამის საპასუხოდ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ჯერ კიდევ 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რეისებში ჩართული კომპანიები დასანქცირდება.

კომენტარები