იძულებით გადაადგილებული პირები

მსოფლიოს მასშტაბით 2022 წელს დევნილად რეკორდულად ბევრი, 71.1 მილიონი ადამიანი იქცა

AP Photo/Lefteris Pitarakis

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრის (IDMC) მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, უკრაინის ომმა ხელი შეუწყო 2022 წელს კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის რეკორდულ, 71.1 მილიონ ადამიანამდე გაზრდას.

2022 წლის ბოლოსთვის, უკრაინაში ომის გამო იძულებით გადაადგილებულ პირად 5.9 მილიონი ადამიანი იქცა, რითაც კონფლიქტებითა და ძალადობის შედეგად დევნილთა საერთო რიცხვი 2021 წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 62 მილიონს გადააჭარბა. შედარებისთვის, სირიაში ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო მუდმივი საცხოვრებლი 6.8 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

2021 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა კატასტროფებისა და შიმშილის გამო საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობაც და 8.7 მილიონს მიაღწია.

საერთო ჯამში კი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დევნილთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრის კვლევაში მოხვდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ და თავშესაფარი ისევ საკუთარ ქვეყანაში იპოვეს. კვლევა არ მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც გაუსაძლისი პირობების, ომისა თუ კატასტროფების გამო იძულებულნი გახდნენ საკუთარი ქვეყნა დაეტოვებინათ.

კომენტარები