რუსეთ-საქართველო

ენმ: ხელისუფლება გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემის და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით

"ოცნებამ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი - უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით" - ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის რუსულ სივრცეში მოსაქცევად.

"საქართველოს ისტორიული არჩევანი, საქართველოს მომავალი და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 85 %-ის ნება, ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციაა.

დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ხოლო რუსეთის ნაცისტური რეჟიმი, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი.

დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი თავი და განდევნოს ოკუპანტი საკუთარი მიწიდან. ის, რომ უკრაინა დაიცავს თავს, ის, რომ რუსეთი დამარცხდება, ის, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება, უკვე გარდაუვალ მოვლენებად იქცნენ. სწორედ ამისთვის იბრძვის გმირი უკრაინელი ხალხი და ამისთვის მუშაობს მთელი დასავლური სამყარო.

ტრაგიკული რეალობაა, რომ ამ დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ევროპას და უკრაინას, პარალელურად კი, კრემლის პროპაგანდისტების მუდმივ ქებას იმსახურებს. ოცნებამ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი - უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით.

ფაქტია, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მუშაობს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტურისტულად, კულტურულად თუ სატრანსპორტო თვალსაზრისით, საქართველო მოექცეს რუსულ სივრცეში.

ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით.

სამართალი აუცილებლად დადგება, სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს, აღარ დარჩება დასამალი სივრცე და ყველას მოუწევს საკუთარი ბოროტების გამო თავისუფალი ერებისა და სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხის გაცემა" - ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად). ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამაცხადდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაადვილების პრინციპულ მიდგომას შეესაბამება. უწყებამ ასევე, გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია.

2012 წლიდან დღემდე რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. 2019 წლის ივნისიდან კი რუსეთმა ე.წ. გავრილოვის ღამის საპასუხოდ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

კომენტარები