საქართველო-რუსეთი

დარჩიაშვილი სავიზოს მოხსნაზე: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის მისასალმებელია

მთავრობის ადმინისტრაცია

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, "ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული" რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია. დარჩიაშვილი გადაწყვეტილებას რუსეთში მცხოვრები ქართველი მოქალაქეების რაოდენობით ამართლებს.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას  მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა". – თქვა დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნისთვის მოხსნას.

"სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას. მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგ". – თქვა დარჩიაშვილმა.

რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, უკან დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90 დღის გატარების უფლება ექნებათ. ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

კომენტარები