საქართველო-რუსეთი

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო: მოსკოვიდან თბილისისკენ კვირაში შვიდი ფრენა შესრულდება

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულად შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ამჟამად გადამზიდები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიაკომპანიები ყოველ კვირას 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით“.- ვკითხულობთ განცხადებაში.

დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ რუსული ავიახაზები  ფრენას მხოლოდ შიდა Sukhoi Superjet 100 (SSJ-100) თვითმფრინავით შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში არ იოპერირებს არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია და ხომალდი. ხოლო, რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს, მისი თქმით, ისინი პირდაპირ მიმოსვლას ჩვეულებრივ შეძლებენ. 

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად). ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამაცხადდა.

2012 წლიდან დღემდე რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. 2019 წლის ივნისიდან კი რუსეთმა ე.წ. გავრილოვის ღამის საპასუხოდ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

კომენტარები