თურქეთი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციას არჩევნების წინ არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიცია არეულობის პროვოცირებასა და ტერორისტების დახმარებაში დაადანაშაულა.

ერდოღანმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც  ერთი დღით ადრე ერზრუმში ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს ქვები ესროლეს. იმამოღლუ მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია.

"ისინი [ოპოზიცია] უსირცხვილოდ ცდილობენ, ცილი დასწამონ ჩვენს ქალაქებს პროვოკაციული სცენების მოწყობით. ისინი უკვე ცდილობენ არჩევნებში თავიანთი სავარაუდო მარცხის გადაფარვას პროვოკაციებით და ხალხის შეურაცხყოფით ცდილობენ". - თქვა ერდოღანმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია ერზრუმში ძალადობის წაქეზებაში.

აღნიშნულ შემთხვევას თავად იმამოღლუც გამოეხმაურა. 

"მათ შეუძლიათ, ქვები გვესროლონ, თუმცა ჩვენ მათ ვარდებით ვუპასუხებთ. ყველა აკეთებს იმას, რაც მას შეეფერება. აგიტატორებს მოსახლეობა გაკვეთილს ჯერ საარჩევნო ურნებთან ასწავლის, შემდეგ თითოეული მათგანი გასამართლდება დამოუკიდებელ სასამართლოში დანაშაულისა და ღალატისთვის". - თქვა ექრემ იმამოღლუმ.


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს.

კომენტარები