რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში მყოფი საოკუპაციო ძალების შეიარაღებით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.
"რუსეთის სამხედრო უწყების მეთაურმა გენერალ-პოლკოვნიკ [ალექსეი] კუზმენკოვს მისცა ბრძანება, განსაკუთრებულად გააკონტროლოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის რაიონებში სამხედროების ჯგუფების ყველა საჭირო შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით უწყვეტი და რიტმული მომარაგების საკითხები". – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნახსენები არაა, ეხება თუ არა ეს ბრძანება ბახმუტის მიმართულებით მებრძოლ ვაგნერის ჯგუფს.
პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს.
აქამდე, გასულ დღეებში გავრცელებულ ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებდა, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტი დაეტოვებინათ. პრიგოჟინის მტკიცებით, ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის აპირებდა წერილის გაგზავნას, რომელშიც საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვდა. მან აღნიშნა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში, ვაგნერის ძალების ბახმუტში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს წამოჭრიდა.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.
2 მაისს შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალას საკმარისი რაოდენობით იღებდნენ.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.





