ხელოვნური ინტელექტი

თეთრი სახლი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს AI-ისგან საზოგადოების დაცვას თხოვს

GETTY IMAGES

თეთრ სახლში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეხვდნენ და მათ მოუწოდეს, დაიცვან საზოგადოება ხელოვნური ინტელექტის (AI) საფრთხისგან. 

სუნდარ პიჩაის Google-იდან, სატია ნადელას Microsoft-დან და OpenAI-იდან სემ ალტმანს განუცხადეს, რომ მათ საზოგადოების დასაცავად "მორალური ვალდებულება" აქვთ.

თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ახლო მომავალში სფეროს რეგულირება გამორიცხული არაა. 

ახლახან გამოშვებულმა AI პროდუქტებმა, როგორიცაა ChatGPT და Bard საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და იმ შესაძლებლობამ, რომ წამებში შეაჯამოს ინფორმაცია, გამართოს კომპიუტერის კოდი, გაამზადოს პრეზენტაციები და დაწეროს პოეზიაც კი, განაახლა დებატი - რა როლი შეიძლება ჰქონდეს AI-ის საზოგადოების განვითარებაში. 

მანამდე, მაისის დასაწყისში ბრიტანელ-ამერიკელმა კოგნიტიურმა ფსიქოლოგმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა, ხელოვნური ინტელექტის "ნათლიად" მიჩნეულმა, 75 წლის ჯეფრი ჰინტონმა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შეშფოთების გამო Google-ი დატოვა.

ხელოვნური ინტელექტის "ნათლიამ" Google-ი დატოვა და ამბობს, რომ ნამუშევარს ნანობს

The New York Times-თან ინტერვიუში ჰინტონი ამბობს, რომ მან დატოვა თავისი სამსახური, რათა შესაძლებლობა მისცემოდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ თავისუფლად ელაპარაკა. ჰინტონმა დასძინა, რომ გულის სიღრმეში ნანობს საკუთარ ცხოვრებისეულ შრომას.

2022 წლის ბოლოდან OpenAI-ის ChatGPT-ის ექსპონენციურმა ზრდამ შეაშფოთა როგორც პოლიტიკოსები, ასევე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები. მათ ეშინიათ არარეგულირებადი, შეუმოწმებელი ტექნოლოგიის აფეთქების, რომელიც მასშტაბური დეზინფორმაციისა და სიძულვილის შემცველი, არასწორი ან მიკერძოებული შინაარსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

მასკი: სანამ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს კონტროლს შეძლებს, რეგულაციები საჭიროა

მარტში, AI-ზე ორიენტირებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Future of Life Institute-მა (FLI) გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის დიდი ოსტატები - მათ შორის SpaceXTesla და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი. ისინი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს ექვსთვიანი პაუზისკენ მოუწოდებდნენ.

კომენტარები