ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულიც ესწრება.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. გარდა ამისა, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. საწინააღმდეგო მოთხოვნა აქვს პროკურორს, რომელიც მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში უნდა დარჩეს.

საქალაქო სასამართლოს ეზოში მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები