ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს – ადვოკატი

დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ სისტემაში თმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

"პენიტენციურ სისტემაში ნორმალურ პირობებშია, როგორც თვითონ განმარტა, უბრალოდ ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა თმის გადაპარსვაო და გადამპარსეს თმაო". – თქვა ადვოკატმა გრიგორიადისის მონახულების შემდეგ.

ტაბულა დამატებითი ინფორმაციის მიღებას პენიტენციურ სამსახურში ცდილობს.

ადვოკატის თქმით, გრიგორიადისს აღიარებითი ჩვენება მეგობრის დაკავების მუქარით დააწერინეს.

"ცალსახად დაირღვა მისი უფლებები, პირველ რიგში, ადვოკატის ნაწილში. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს. 

[...] ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ". – თქვა ადვოკატმა.

31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტაკოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებული "ბოლშევიკურ ტროიკასთან" – ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა.

9 მარტს დილით გავრცელდა ქართული ოცნების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდნენ. 10 მარტს კი, პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები