რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პისტორიუსი: 80-მდე Leopard 1-ის უკრაინისთვის მიწოდება წლის შუა პერიოდიდან დაიწყება

Leopard 1

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა La Vanguardia-სთან საუბარში თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა Leopard 1-ის გამოყენების წვრთნები ახლა დაიწყეს და ამ ტიპის ტანკების მიწოდებას წლის შუა პერიოდში დაიწყებენ. 

"ასზე მეტი უკრაინელი სამხედროს წვრთნა Leopard 1-ზე ეს-ესაა დაიწყო ამ კვირაში. 80-მდე Leopard 1-ის მიწოდება წლის შუაში დაიწყება". – თქვა პისტორიუსმა. 

მისი სიტყვები მოჰყვა პასუხად შეკითხვას, არის თუ საკმარისი უკრაინისთვის გადაცემული ლეოპარდები, რადგან რამშტაინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე ძირითადად საბრძოლო მასალაზე, საჰაერო თავდაცვასა და სათადარიგო ნაწილებზე საუბრობდნენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მარტში უკრაინამ გერმანიისგან, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის გარდა, Leopard 2 A6 ტიპის 18 ტანკი და Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა მიიღო.

ამას გარდა პისტორიუსმა აღნიშნა, რომ პოლონეთში შეთანხმდნენ შეექმნათ Leopard 2-ის ტიპის ტანკების მომსახურების ცენტრი, რათა უკრაინისთვის გადაცემულმა ტექნიკამ ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნოს.

თებერვალში გერმანიამ, დანიამ და ნიდერლანდებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 100 ტანკს გადასცემდნენ. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ პისტორიუსს არ დაუზუსტებია, რატომ ახსენა მხოლოდ 80 ტანკი.

კომენტარები