რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მახლობლად კიდევ ერთი უცნობი წარმოშობის დრონი აღმოაჩინეს – რუსული მედია

ჟურნალისტები ესწრებიან UJ-22 დრონის პრეზენტაციას. 2022 წლის აგვისტო
Sergei SUPINSKY / AFP

რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ცნობით, მოსკოვის მახლობლად, პავლოვსკი პოსადის საქალაქო რაიონში ორი პარაშუტიანი დრონი იპოვეს

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები და შესაბამისი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნოგინსკის გარეუბანში, პავლოვსკი პოსადის გვერდით, იპოვეს დრონი, რომელიც დაახლოებით 100 კგ-ს იწონის. TACC-ისა და Interfax-ის ცნობით, ის ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა. კიდევ ერთი სახელმწიფო სააგენტო, RIA Novosti, მოგვიანებით წერდა, რომ დრონი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული არ ყოფილა და მას აშშ-ში წარმოებული ძრავა ჰქონდა.

24 აპრილს, რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ბოგოროვსკის საქალაქო რაიონში დრონი ჩამოვარდა.  

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, დრონი ქალაქ ნოგინსკის მახლობლად ჩამოვარდა, ხოლო ადგილობრივმა იგი ტყეში იპოვა. ამავე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინული წარმოების UJ-22 Airborne-ია, რომლის დიაპაზონი დაახლოებით 800 კმ-ია.

კომენტარები