სამხრეთ აფრიკა

BLOOMBERG: სამხრეთ აფრიკაში რომის სტატუტიდან ქვეყნის გასვლაზე შიდა განხილვები დაიწყო

სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის, აფრიკის ეროვნული კონგრესის გენერალური მდივანი, ფიკილე მბალულა
Papi Morake/Gallo Images/Getty Images

სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვები პარასკევს, 21 აპრილს დაიწყო, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგვისტოში შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, მისი დაკავება არ მოუწიოს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ოთხდღიანი შეხვედრებისას მთავარი განსახილველი თემა სამხრეთ აფრიკის რომის სტატუტიდან გასვლა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი იქნება. რომის სტატუტი ქვეყანას ავალდებულებს, რუსეთის პრეზიდენტი იმ შემთხვევაში დააპატიმროს, თუკი ის მის საზღვრებს გადაკვეთს. 

აქამდე, სამხრეთ აფრიკამ საერთაშორისო დონეზე კრიტიკა 2015 წელს დაიმსახურა, როდესაც ქვეყანაში ჩასული სუდანის მაშინდელი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, მიუხედავად ჰააგის სასამართლოს მიერ მასზე გაცემული დაკავების ორდერისა, არ დააპატიმრა.

17 მარტს უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

კომენტარები