დიდი ბრიტანეთი

ბულინგის ბრალდებების შემდეგ ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა თანამდებობა დატოვა

დომინიკ რააბი
REUTERS

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, დომინიკ რააბმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ თანამშრომლების ბულინგის ბრალდებით დაწყებულ დამოუკიდებელ გამოძიებას მოჰყვა. გადადგომის შესახებ განცხადებას რააბი Twitter-ზე აქვეყნებს. 

"მე მოვითხოვე გამოძიება და ავიღე ვალდებულება, რომ თუკი საქმეში ბულინგის რაიმე გამოვლინებას შენიშნავდნენ, გადავდგებოდი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა შევასრულო". - ნათქვამია ყოფილი ვიცე-პრემიერის განცხადებაში.

დომინიკ რააბმა, რომელიც ასევე იუსტიციის მინისტრიც იყო, გამოძიების დაწყება ნოემბერში მოითხოვა. მანამდე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მის წინააღმდეგ არაერთი საჩივარი შევიდა. მისი თქმით, ის მზად იყო სრული პასუხისმგებლობა აეღო გამოძიების შედეგების შესაბამისად, თუმცა მტკიცედ იცავდა საკუთარ ქმედებებს. რააბის მტკიცებით, მას თანამშრომლებისთვის უწმაწური სიტყვებით არ მიუმართავს, არ უყვირია და ფიზიკურად არ შეხებია. 

პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ვიცე-პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რააბის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. 

"როგორც ამბობ, მართებულად აიღე პასუხისმგებლობა გადამდგარიყავი, თუ გამოძიება საქმეში ბულინგის რაიმე ნიშანს აღმოაჩენდა. შენ სიტყვა შეასრულე". 

კომენტარები