რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ არსებობს სხვა გზა უკრაინის დახმარების გარდა, ალტერნატივა რუსეთის გამარჯვებაა – პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი
REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, დასავლეთს უკრაინის დახმარების გარდა, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. მისივე თქმით, ჩეხეთი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრები მზად არიან ხანგრძლივ პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად, რათა დაასრულონ ომი, დაეხმარონ უკრაინას რეკონსტრუქციაში და NATO-ში გაწევრიანებაში. ამის შესახებ პაველმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მიხარია, რომ ყველას გვესმის, არ არსებობს სხვა გზა უკრაინის დახმარების გარდა. ამის ალტერნატივა რუსეთის გამარჯვებაა, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას მოგვიტანს და შესაძლოა იმაზე სერიოზულსაც, ვიდრე დღეს გვაქვს". - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა. 

შეხვედრაზე ლიდერებმა თავდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდის პერსპექტივა განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება ვილნიუსის სამიტზე უნდა იქნეს მიღწეული. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზადაა სამხედრო დანახარჯები მშპ-ს 2%-მდე გაზარდოს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამომავლოდ  მეტად გაზრდაც განიხილება. 

კომენტარები