რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთი დროებით შეზღუდავს უკრაინული მარცვლეულის იმპორტს

mechanization.ge

სლოვაკეთი შეუერთდა პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილებას უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

მიუხედავად ევროკომისიისა და ოფიციალური კიევის მხრიდან ევროპული ქვეყნების მიერ შემოტანილი დროებითი შეზღუდვის გაკრიტიკებისა, პოლონეთი, უნგრეთი და უკვე სლოვაკეთიც, საკუთარი ფერმერების დაცვის მიზნით, გარკვეული ხნით აკრძალავენ უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტს.

როგორც გამოცემის სტატიიდან ვიგებთ ევროკავშირი ცენტრალური ევროპის ქვეყნებისგან გარკვეულ ახსნა-განმარტებას მოელის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ პოლონეთმა და უნგრეთმა მიიღეს, ხოლო შემდეგ უკვე სლოვაკეთი შეუერთდა.

Guardian-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაბალმა გლობალურმა ფასებმა და პროდუქტზე მოთხოვნამ საერთო ბაზარზე აჩვენა, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკრაინული მარცვლეული რჩებოდა ბლოკში და შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტი იყიდებოდა.


თავდაპირველად უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლონეთმა მიიღო. ქვეყნის ლიდერები დროებით შეზღუდვას პოლონური სოფლების კრიზისში აღმოჩენით ხსნიან და ამბობენ, რომ ეს პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებზე არ აისახება.

15 აპრილს პოლონეთს უნგრეთიც შეუერთდა და თქვა, რომ შეზღუდვა ძალაში ივნისის ბოლომდე დარჩება.

ვარშავის გადაწყვეტილებაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ორმხრივი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია.

"ამჟამად, ცალმხრივი მკვეთრი ქმედებები არ დააჩქარებს სიტუაციის პოზიტიურ მოგვარებას." - ამბობს მორავიეცკი.

გასულ კვირას პოლონეთმა თქვა, რომ უკრაინას პოლონეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მარცვლეულის იმპორტის დროებით შეზღუდვაზე დათანხმდა. თუმცა, პოლონეთისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი სატრანზიტო პროდუქტები არ შეიზღუდებოდა.

კომენტარები