ფინეთი

ფინეთმა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი აამუშავა

ფინეთის ბირთვული რეაქტორი, Olkiluoto-3. 2017 წლის 17 აგვისტო
REUTERS/Lefteris Karagiannopoulos

16 აპრილს ფინეთმა ევროპაში უდიდესი ატომური რეაქტორი, სახელად Olkiluoto 3 (OL3) აამუშავა

ჰელსინკის შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე რეგიონში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. 

სადგურის ოპერატორისა და ენერგეტიკისა და სამრეწველო კონსორციუმის განმარტებით, Olkiluoto 3, სავარაუდოდ, ფინეთის ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 14%-ს დააკმაყოფილებს, რაც შვედეთისგან და ნორვეგიისგან იმპორტის საჭიროებას შეამცირებს. 

სადგურის ოპერატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, ახალმა რეაქტორმა ელექტროენერგიის წარმოება 60 წლის განმავლობაში შეძლოს. ეს კი, მათივე შეფასებით, ელექტროენერგიის ფასის სტაბილიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

1.6 გიგავატიანი რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო, მისი გახსნა კი 2009 წელს იყო დაგეგმილი. თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო.

რუსეთმა ელექტროენერგიის ექსპორტი ფინეთში გასული წლის მაისში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რუსულმა კომპანიამ Inter RAO-მ განაცხადა, რომ ფინეთს მისთვის მიყიდული ენერგიისთვის არ გადაუხდია. რუსეთის სახელმწიფო საექსპორტო მონოპოლიის მქონე, Gazprom-მა მალევე შეწყვიტა ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ენერგიის მიღების ამ წყაროს სიიაფისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები ევროპაში აქტუალურობას არ კარგავს. შვედეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნების ენერგიის მიღების წყაროს დივერსიფიკაციის მიზნით ახალი ბირთვული პროექტების შემუშავების პროცესში არიან.

რაც შეეხება გერმანიას, იგი ქვეყანაში ბოლო ატომურ ელექტროსადგურებს ხურავს. Isar II, Emsland და Neckarwestheim II სადგურების რეაქტორები 15 აპრილს დაიხურა, რის შემდეგაც ბერლინმა სრულად განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების გეგმას აამოქმედა.

კომენტარები