ისრაელი

ნეთანიაჰუმ გალანთი ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დააბრუნა

ბენიამიმინ ნეთანიაჰუ და იოავ გალანთი, 2023 წლის 3 აპრილი.
Amos Ben Gershom / GPO

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დააბრუნა იოავ გალანთი, რომელიც თანამდებობიდან ორი კვირის წინ, საზოგადოებაში უკმაყოფილების გამომწვევი სასამართლო რეფორმის შეჩერების მოწოდების გამო გაათავისუფლა.

ამას გარდა, ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლის დროს გასულ დღეებში ისრაელის მეზობელი ტერიტორიებიდან მომხდარი იერიშები და პალესტინელთა ტერორისტული თავდასხმები ოპოზიციასა და წინა კოალიციას დააბრალა. 

"ჩვენი ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა. მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა. წინა მთავრობის დროს ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა გაორმაგდა". – თქვა ნეთანიაჰუმ, რომლის აზრითაც, წინა მთავრობამ მოწინააღმდეგეებს სისუსტე აჩვენა.

ნეთანიაჰუს თქმით, მან ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაფიდთან შეხვედრის დროს მას ჰკითხა, თუ როგორი ინტერპრეტაცია ექნებოდათ მტრებს მის სიტყვებზე, რომ ისრაელის სახელმწიფო ინგრეოდა. ისრაელის პრემიერი მოქალაქეებს თავდასხმების მოგერიებას დაჰპირდა.

სიტყვით გამოსვლა ნეთანიაჰუმ დაასრულა ცნობით, რომ გალანთი თავდაცვის მინისტრის პოზიციას შეინარჩუნებდა.

"ჩვენს შორის სხვაობებია, სერიოზული სხვაობები, მაგრამ გადავწყვიტე დავა უკან მოვიტოვო". – თქვა ნეთანიაჰუმ.

26 მარტს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება შეეჩერებინათ. მის გადაყენებას არსებული საპროტესტო ტალღის გაზრდა მოჰყვა.

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

საპროტესტო აქციების შემდეგ ნეთანიაჰუმ სასამართლო რეფორმის განხილვა მომავალ სესიამდე გადადო. 

პარალელურად ვითარება დაიძაბა ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რაც 5 აპრილს, იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში არაბებისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებამ გამოიწვია. წლის ეს პერიოდი ისრაელში მუდამ დაძაბულია, რადგან ებრაელები პასექს, არაბები კი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. 

ალ-აკსას მეჩეთში ძალის გამოყენებისა და 350-მდე პირის დაკავების შემდეგ პალესტინურმა ჯგუფებმა ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს, რაც წარმატებულად იქნა მოგერიებული. იერუსალიმმა დაჯგუფებების თავდასხმებს კონტრიერიშებით უპასუხა.

კომენტარები