სასამართლო კლანის დასანქცირება

უზენაესის მოსამართლე: იმედია, მეც დამასანქცირებთ!

ლევან, არ შეიძლება, შენს მოსაზრებებს არ დავეთანხმო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული, რომლის მორალი აშშ-ს ერთ-ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში კარგად იკითხება - "ის ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი". ამიტომ, სიმართლე გითხრა, ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.

ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი სამწუხარო რეალობას მახსენებს, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ აშშ მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად, საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება, რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.

პ.ს. ბატონო ბლინკენ, დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებსა და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ? იმედია, მეც დამასანქცირებთ! პატივისცემით, ვლადიმერ კაკაბაძე.

წერს Facebook-ზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე მისი კოლეგის, ლევან თევზაძის სტატუსის პასუხად.

"ვინეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება". - დაწერა ფეისბუქზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ლევან თევზაძემ აშშ-ს მიერ სასამართლო კლანის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

კომენტარები